იტალიური სკოლა “ცისკრის” ორენოვანი სექტორის დამამთავრებელი დიპლომები გადასცა
გუშინ გაიმართა 1996 წელს საზოგადოება “საქართველო-იტალიის” ინიციატივით დაარსებული იტალიური სკოლა “ცისკრის” ორენოვანი (იტალიურ-ქართული) სექტორის დამამთავრებელი დიპლომების გადაცემის ცერემონია. იტალიის ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ, საელჩოს განათლების ატაშე ორნელა სპანომ და სკოლის დირექტორმა მაია ლაგვილავამ, მასწავლებლებისა და მშობლების თანდასწრებით დიპლომები გადასცეს მოსწავლეებს, რომლებმაც იტალიური სკოლის დამამთავრებელი გამოცდა წარმატებით ჩააბარეს.
“ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა იტალიაში განათლების მიღების მსურველთათვის – იტალიის განათლების სამინისტროს მიერ აღიარებული დიპლომი შესაძლებლობას აძლევს სკოლა “ცისკრის” მოსწავლეებს, ჩაირიცხონ იტალიურ უნივერსიტეტებში სწავლისთვის აუცილებელი იტალიური ენის გამოცდის ჩაბარების გარეშე”, აღნიშნა ელჩმა მასიმილიანო დ’ანტუონომ და წარმატება უსურვა სკოლის მოსწავლეებს, რომელთა ნაწილი სწავლას იტალიაში, ტუშას უნივერსიტეტსა და მილანის პოლიტექნიკურ უნივერსიტეტში გააგრძელებს.