საქართველოში ყაზახეთის რესპუბლიკის საპატიო კონსულის ი.კაკალაძის სტატია „ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმის შესახებ“
ყაზახეთში ახალი კონსტიტუციის მიღებასთან დაკავშირებით საერთო ეროვნული რეფერენდუმი 2026 წლის 15 მარტს არის დანიშნული. ყაზახეთის რესპუბლიკის ახალი კონსტიტუციის პროექტი – ეს არის სტრატეგიული ნაბიჯი, რომელიც მიზნად ისახავს სახელმწიფოებრიობის, კანონის უზენაესობისა და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ზრდის შემდგომ განმტკიცებას. ყაზახეთში საკონსტიტუციო რეფორმა დღეს წარმოადგენს ქვეყნის პოლიტიკური მოდერნიზაციის ერთ-ერთ ყველაზე ფართომასშტაბიან და მნიშვნელოვან ეტაპს ბოლო წლების განმავლობაში. საუბარია არა ცალკეულ, წერტილოვან ცვლილებებზე, არამედ ახალი საზოგადოებრივი შეთანხმების ფორმირებაზე, რომელიც ასახავს სახელმწიფოებრიობის სიმწიფეს, საზოგადოების მხრიდან სამართლიანობის მოთხოვნას და თანამედროვე გლობალურ გამოწვევებთან ადაპტაციის აუცილებლობას. ძირითადი კანონის ახალი რედაქციის პროექტი ფართო საზოგადოებრივი დებატების შემდეგ გამოქვეყნდა და ის საერთო სახალხო რეფერენდუმის საგანი გახდება, სადაც საბოლოო გადაწყვეტილებას თავად ყაზახეთის მოქალაქეები მიიღებენ.დოკუმენტზე მუშაობა ღია და ინკლუზიური პროცესის მაგალითად იქცა. 2026 წლის იანვარში შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, რომელიც ქვეყნის ყველა რეგიონისა და სოციალური ჯგუფის დაახლოებით 130 წარმომადგენლისგან – იურისტებისგან, მეცნიერებისგან, დეპუტატებისგან, ბიზნესის, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებისგან შედგებოდა.კომისიის სხდომები საჯაროდ გადაიცემოდა, ხოლო მოქალაქეთა წინადადებები სახელმწიფო ციფრული პლატფორმების მეშვეობით შემოდიოდა – ჯამში მათი რაოდენობა ორ ათასზე მეტი იყო.ამგვარმა მიდგომამ აჩვენა ყაზახეთის მისწრაფება, საკონსტიტუციო ცვლილებები საზოგადოებასთან დიალოგის გზით ჩამოაყალიბოს, რაც აძლიერებს ნდობას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ და უზრუნველყოფს მომავალი გადაწყვეტილებების ლეგიტიმურობას.შემოთავაზებული კონსტიტუცია ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების პრიორიტეტს სახელმწიფოს ძირითად ღირებულებებად აქცევს. პირველად პრეამბულაში ისინი ქვეყნის განვითარების ფუნდამენტურ ორიენტირად არის მოხსენიებული, რაც ხაზს უსვამს რეფორმის ადამიანზე ორიენტირებულ ხასიათს და თითოეული მოქალაქისთვის სამართლებრივი გარანტიების გაძლიერების მისწრაფებას.დოკუმენტი აძლიერებს პიროვნების დაცვის პროცედურულ მექანიზმებს: იგი ამკვიდრებს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპებს, კრძალავს ორმაგ პასუხისგებაში მიცემას, კრძალავს იმ კანონების უკუქცევით გამოყენებას, რომლებიც აუარესებს მოქალაქეთა მდგომარეობას და პირველად ამკვიდრებს ადვოკატურის ინსტიტუტს საკონსტიტუციო დონეზე. ეს ქმნის უფრო სტაბილურ სამართლებრივ საფუძველს და ზრდის სასამართლო სისტემის მიმართ ნდობას.ძირითადი კანონის ახალი რედაქცია სახელმწიფოს პოლიტიკური არქიტექტურის ღრმა ტრანსფორმაციას გულისხმობს. ერთ-ერთ მთავარ გადაწყვეტილებას წარმოადგენს პროპორციული სისტემით არჩეული 145 დეპუტატისგან შემდგარი ერთპალატიანი პარლამენტის — კურულტაის — ფორმირება, რამაც ხელი უნდა შეუწყოს პარტიული სისტემის განვითარებას და გაზარდოს პოლიტიკური ძალების ანგარიშვალდებულება საზოგადოების წინაშე.ინსტიტუციური უფლებამონაცვლეობისა და ხელისუფლების სტაბილურობის ელემენტად შემოღებული იქნება ვიცე-პრეზიდენტის ინსტიტუტი, ასევე იქმნება სახალხო საბჭო – საკონსულტაციო ორგანო, რომელიც წარმოადგენს საზოგადოების ინტერესებს და ფლობს საკანონმდებლო ინიციატივის უფლებას.ამავდროულად, სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტური პრინციპები შენარჩუნებული და განმტკიცებული იქნება: სუვერენიტეტი, დამოუკიდებლობა, სახელმწიფოს უნიტარული ხასიათი და ტერიტორიული მთლიანობა მიჩნეულია უცვლელ ღირებულებებად.განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ დებულების განმტკიცება, რომ ხალხი არა მხოლოდ სახელმწიფო ძალაუფლების წყაროა, არამედ სუვერენიტეტის ერთადერთი მატარებელიც, რაც აძლიერებს საზოგადოებრივი შეთანხმების კონცეფციას და ხაზს უსვამს პოლიტიკური სისტემის დემოკრატიულ ბუნებას. კონსტიტუციის ახალ რედაქციაში აქცენტი ადამიანური კაპიტალის განვითარებაზე იქნება გადატანილი: განათლება, მეცნიერება, კულტურა და ინოვაცია პირველად არის განსაზღვრული სახელმწიფოს სტრატეგიულ პრიორიტეტებად.ეს ასახავს რესურსებზე დაფუძნებული განვითარების მოდელიდან მოქალაქეების ცოდნასა და პოტენციალზე დაფუძნებულ განვითარების მოდელზე გადასვლას. ამავდროულად, პირველად უზრუნველყოფილი ხდება ადამიანის უფლებების დაცვა ციფრულ გარემოში, რაც აჩვენებს ქვეყნის მზადყოფნას ტექნოლოგიური ეპოქის გამოწვევებზე პასუხის გასაცემად.განახლებული კონსტიტუციური ტექსტის მნიშვნელოვან ელემენტად რჩება სახელმწიფოს საერო ბუნება, რელიგიისა და ხელისუფლების მკაფიო განცალკევება, ასევე ეთნიკურ და კონფესიურ თანხმობაზე დაფუძნებული საზოგადოების სტაბილურობის უზრუნველყოფა.ეს დებულებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ყაზახეთისთვის, როგორც მრავალეროვნული სახელმწიფოსთვის, სადაც კულტურათა და ტრადიციების ჰარმონია სტაბილურობის გადამწყვეტი ფაქტორია.რეფორმის მასშტაბურობას მისი სტრუქტურა ადასტურებს: პროექტი მოიცავს პრეამბულას, 11 თავსა და 95 მუხლს, ცვლილებები კი მოქმედი კონსტიტუციის 77 მუხლს – ტექსტის დაახლოებით 84%-ს – ეხება.ამგვარად, ჩვენ ვსაუბრობთ ღრმა კონსტიტუციურ მოდერნიზაციაზე, რომელიც ასახავს სახელმწიფოებრიობის მშენებლობის დაგროვილ გამოცდილებას, ქვეყნის საერთაშორისო ავტორიტეტს და გრძელვადიან პერსპექტივაში მდგრადი განვითარებისაკენ მისწრაფებას.მიმდინარე ცვლილებები ევოლუციურ ხასიათს ატარებს და მიმართულია სამართლებრივი სახელმწიფოს, ინსტიტუციური სტაბილურობისა და პოლიტიკური სისტემის პროგნოზირებადობის განმტკიცებაზე. ყაზახეთი კვლავ რჩება მშვიდობიანი საგარეო პოლიტიკის, საერთაშორისო სამართლისა და კონსტრუქციული პარტნიორობის პრინციპების ერთგული.ყაზახეთის ახალი კონსტიტუცია წარსულის უარყოფა კი არა, მისი ლოგიკური განვითარებაა. ის ინარჩუნებს სახელმწიფოებრიობის ფუნდამენტურ ღირებულებებს და ამავდროულად ადგენს მომავლისთვის ძირითად კრიტერიუმებს: სამართლიანობას, კანონის უზენაესობას, ადამიანის პოტენციალის განვითარებას და მსოფლიოს მიმართ გახსნილობას. სწორედ ამიტომ, დღევანდელი კონსტიტუციური პროცესი შეიძლება განვიხილოთ, როგორც განვითარებული სახელმწიფოს წინგადადგმული ნაბიჯი, რომელიც თავდაჯერებულად იყურება წინ და აშენებს მმართველობის სისტემას, რომელიც დააკმაყოფილებს მისი მოქალაქეების ინტერესებს და 21-ე საუკუნის მოთხოვნებს.
