პროექტებისაზოგადოება

თბილისში ZEG Storytelling Festival 2026 დაიწყო

თბილისში ZEG Storytelling Festival 2026 ოფიციალურად გაიხსნა. ფესტივალი კვლავ აერთიანებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩამოსულ ჟურნალისტებს, მწერლებს, მეცნიერებს, ხელოვანებს, მეწარმეებსა და აქტივისტებს, რომლებიც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საკუთარი გამოცდილებისა და ხედვების გაზიარებას აპირებენ.

წლევანდელი ფესტივალის მთავარი თემა ისტორიების, იდეებისა და ადამიანური გამოცდილების ძალას უკავშირდება. ორგანიზატორების განცხადებით, ZEG წარმოადგენს სივრცეს მათთვის, ვისაც სჯერა, რომ ისტორიებს სამყაროს შეცვლა შეუძლია.

ფესტივალში 140-ზე მეტი მომხსენებელი მონაწილეობს. მათ შორის არიან პულიცერის პრემიის ლაურეატი მწერალი ვიეტ თან ნგუენი, ცნობილი ჟურნალისტი და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარი კარენ ჰაო, სამხრეთ აფრიკელი უფლებადამცველი კუმი ნაიდუ, ვენესუელელი ოპოზიციონერი ლიდერი ლეოპოლდო ლოპესი, მევიოლინე მაიკლ ბარენბოიმი და სხვა საერთაშორისო მასშტაბის საზოგადო მოღვაწეები.

ფესტივალის მონაწილეებს ასევე შეხვდებიან წინა წლების პოპულარული სპიკერები, მათ შორის ემის ნომინანტი რეჟისორი ბაო ნგუენი, დეზინფორმაციის მკვლევარი ჯული პოსეტი, ITN-ის აღმასრულებელი დირექტორი რეიჩელ კორპი, კრეატიული მეწარმე ჯეიკ ფრიდმანი, The New Yorker-ის ცნობილი სამხედრო კორესპონდენტი ჯონ ლი ანდერსონი და კამერუნელი ემის მფლობელი ჟურნალისტი ელაიზა ანიანგვე.

ZEG Storytelling Festival უკვე რამდენიმე წელია თბილისს საერთაშორისო დიალოგის, ინოვაციური იდეებისა და საზოგადოებრივი დისკუსიების მნიშვნელოვან ცენტრად აქცევს. ღონისძიება სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლებს შესაძლებლობას აძლევს, გაეცნონ თანამედროვე სამყაროს გამოწვევებს, მოისმინონ გავლენიანი ადამიანების ისტორიები და დაამყარონ ახალი პროფესიული კავშირები.

ფესტივალის მხარდამჭერები არიან TBC Concept, UN Women, Tegeta, Volvo, Coca-Cola, AI Collaborative, ევროკავშირი, OHCHR, ALTA, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩო, betsson.sport, Global Technology Hub, Adjara Group, Fabrika, Chateau Mukhrani და სხვა ორგანიზაციები.

ZEG Storytelling Festival-ის ფარგლებში დაგეგმილია დისკუსიები, საჯარო გამოსვლები, კულტურული ღონისძიებები და შეხვედრები, რომლებიც რამდენიმე დღის განმავლობაში გაგრძელდება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *