იტალიის საელჩო: შეთანხმება ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ.უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის
8 ოქტომბერს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში გაიმართა ღონისძიება მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი საჯარო უნივერსიტეტის, ქ. ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტის რექტორის მატეო ლორიტოს მონაწილეობით.
ღონისძიებაზე, რომლის კოორდინატორი იყო იტალიური ენისა და კულტურის ცენტრი “მინერვა“ და რომელსაც იტალიის ელჩი საქართველოში მასიმილიანო დ’ანტუონო ესწრებოდა, ხელი მოეწერა შეთანხმებას ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტსა და სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის კულტურულ და სამეცნიერო სფეროებში თანამშრომლობის თაობაზე. „ეს მნიშვნელოვანი მოვლენაა, ვინაიდან ამ შეთანხმებით, ნეაპოლის უნივერსიტეტი, რომელიც იტალიის ერთ-ერთი საუკეთესო უმაღლესი სასწავლებელია, დევნილობაში მყოფი ქართული უნივერსიტეტის დესპანი იქნება იტალიისა და ევროპის აკადემიურ წრეებში“, – განმარტა იტალიის ელჩმა დ’ანტუონო, – „ეს იტალიის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერის კიდევ ერთი დასტურია“.
ღონისძიებაზე კამპანიის უნივერსიტეტის რექტორს სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება (honoris causa) მიენიჭა. ამის შემდეგ გაიმართა რექტორ ლორიტოს შეხვედრა იმ ქართული უმაღლესი სასწავლებლების რექტორებთან, რომლებიც ნეაპოლის ფედერიკო II-ის სახ. უნივერსიტეტთან ცალკეული შეთანხმებების ფარგლებში თანამშრომლობენ. შეხვედრას საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი ალექსანდრე წულაძე ესწრებოდა.